***

მე არ ვფიქრობ იმაზე,
რა არის პოეზია.

ვფიქრობ 150 ლარზე,
რომელიც აუცილებლად საშოვნელი მაქვს ამ დღეებში.

2013 წლის უჩვეულო ზაფხულია,
აგვისტოსთვის არადამახასიათებელი ღრუბლიანობით,
სიგრილით,
ხალხმრავლობით ქუჩებში…

მოედინებიან
მარადიულად მწუხარე სახეები,
ან პირიქით,
არასოდეს რომ არაფერზე წუხან –
ორი უკიდურესობა.
ერთისთვისაც და მეორისთვისაც უცხოა,
გაუგებარია სხვისი ტკივილი.

“№6 საპყრობილეში მკვდარი პატიმარი იპოვეს;
მრავალშვილიანი დედა უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა;
ყურაძეების 8-სულიანი ოჯახი ჯართადქცეულ ავტობუსში ცხოვრობს;
“კრაკადილი” – ნარკომანია…”

მე არ ვარ ანგელოზი,
მე ვარ დამნაშავე.

მე ვარ დამნაშავე,
რომ არ მჯერა უმუშევართა, უპატრონოთა, უსახლკაროთა იმედების…
არ მჯერა, რომ მათ ვინმე შეეხმიანება.
არ მჯერა, რომ რამე გამოჩნდება.

ის, რაც არ მიყვარს – მძულს
და მწამს,
რომ ეს არანაკლები სიყვარულია.

მე არ ვფიქრობ იმაზე,
რა არის პოეზია.

არ ვფიქრობ ცნობილ, სკანდალურ და პატივცემულ მწერლებზე,
გაპრიალებულ თოქ-შოუებში რომ აწყობენ საღამოებს.
არ ვფიქრობ მათ მსმენელზე,
ბელგიურ შოკოლადს ფრანგულ შამპანიურს რომ აყოლებენ.
არ ვფიქრობ სიტყვებზე –
პრეზენტაცია და ალაფურშეტი.
არ ვფიქრობ საჟურნალ-გაზეთო და სატელევიზიო ინტერვიუებზე.
არ ვფიქრობ მთელ ამ ნაგავზე.

მე არ ვფიქრობ იმაზე,
რა არის პოეზია.

ჩემი ლექსები არ იყიდება
წიგნების არცერთ მაღაზიაში.

მეოთხე დღეა ჰაერი არ მყოფნის,
ჩავისუნთქავ
და ფილტვებამდე ათიდან ერთხელ ძლივს ჩავდივარ –
საშინელებაა.

მეათასედ ჩავხედე ტელეფონს:
არავინ ისეთი,
ვისთვისაც ლუდის დალევა
და გულის გადაშლა
ორჯერ ორია,
თუნდაც სამი საათი ვისხდეთ ბორდიურზე
და ერთი სიტყვა არ ვთქვათ.

ათასმეერთედ ჩავიხედე გულში:
სრულიად არავინ,
საერთოდ არავინ,
არავინ აბსოლუტურად.

ღმერთი მიუწვდომელია.

მე არ ვფიქრობ იმაზე,
რა არის პოეზია.

არც იმ 150 ლარზე ვფიქრობ,
არ ვფიქრობ ეს ფული რისთვის მჭირდება.
არ ვფიქრობ მოხუც დედაზე და პატარა შვილზე.
არ ვფიქრობ სიყვარულზე.

ვფიქრობ იმაზე,
რომ უკვე შემიძლია (თავისუფლად)
მოვიკლა თავი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s