***

“რა გაათენებს ამ ზამთრის ღამეს…”
გურამ რჩეულიშვილი

არ მახსოვს არცერთის სახელი.
არ ვიცი, რა ჰქვიათ.

შეიძლება
ერთადაც დაგვილევია.
შეიძლება
მართლაც ყოფილან ჩემს ოთახში.
შეიძლება
ვმეგობრობდით კიდეც.

ზუსტად აღვიდგინე ყველა დილა –
სიგარეტის ნამწვით სავსე საფერფლეებით,
დასვრილი თეფშებით,
ცარიელი ბოთლებით…
მაგრამ ამ ხალხის სახელები არ მახსენდება.

დავიწყებული მყავს ყველა,
ვინც მაშინ წავიდა,
როცა ღამე იყო.

***

ერთი დიდი ბაზარია მთელი დედამიწა.

გინდა თუ არა,
უნდა ივაჭრო.

ვყიდი საკუთარ სიკვდილს.

***

სანამ შენ ამ გაუვალ ღამეში გძინავს
(უფრო სწორად
ერთი საათი მშვიდი ძილი გენატრება);
სანამ ყოველ დილით უბნელი ლოთები და ნარკომანები
გესალმებიან
(ეს გამარჯობა 30-40 თეთრი ღირს);
სანამ შენთვის ყველაზე ნაცნობი სიტყვათაწყობაა:
სამსახური-სახლი,
სამსახური-სახლი,
სამსახური-სახლი…
(სხვაგან აღარსად მიგიწევს გული, არც სამსახურიდან სახლში);
სანამ ხელში გაჩეჩებენ
დასაქმებულთა საყოველთაო სიმშვიდისთვის გამოყოფილ გროშებს
(გეზიზღება ეს ერთმანეთზე უფრო ნაცრისფერი ვირთხები);
სანამ არაფრისთვის იბრძვი და არაფერს ეძებ
(საბოლოოდ დარწმუნდი, რომ არ ღირს);
ცხოვრობ და ცოცხლებში არა წერიხარ
(თვითირონია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია)…

მატარებელი გადის,
დღეს და ყოველდღიურად
მატარებელი გადის.

***

ქეთის

ის,
ვისაც შეუძლია საკუთარი სიბერე წარმოიდგინოს,
ას წელს იცოცხლებს.

მე არ ვიცი,
მოვხუცდები თუ არა.

მე ვიცი,
რომ ჩვენ არასოდეს მოვკვდებით.

***

როგორ არაფერი შეცვლილა ირგვლივ.
როგორ შეიცვალნენ ჩემი ნაწერები.

რა სჭირდებათ დღეს ადამიანებს?

მე ფეხით სიარული მჭირდება,
რაც შეიძლება ბევრი,
რაც შეიძლება შორ მანძილზე.

მივდიოდი გუშინ
და ვფიქრობდი,
როგორ მღეროდა საშა ბაშლაჩოვი
სამ მანეთად
ვიღაცების კომუნალურ ბინებში
თავის გენიალურ სიმღერებს
და საერთო დერეფანთან,
საერთო სამზარეულოსთან,
საერთო ტუალეტთან ერთად,
როგორ საერთოს ხდიდა თავის თავსაც ამ ადამიანებისთვის.

ვფიქრობდი,
როგორ იდგა ასეთი საღამოების შემდეგ
ტელეფონის ჯიხურთან
საათობით
და არ იცოდა,
ვისთვის დაერეკა,
რომ ელემენტარულად
ღამის გასათევი ჰქონოდა,
დროებითი უვარსკვლავებო ჭერი.

ვფიქრობდი,
როგორ გამოწოვეს,
როგორ შეირგეს მისი ენერგია
და უკევ გამოფიტულს,
როცა აღარ შეეძლო,
როცა აღარ უნდოდა,
როგორ აიძულებდა ცხოვრება
მაინც ემღერა,
რომ გადარჩენილიყო,
რომ უბრალოდ ფიზიკურად გადარჩენილიყო.

ვფიქრობდი,
როგორ არავინ გამოჩნდა
ამდენ კეთილისმსურველში,
ვინც იმ რვასართულიანის ფანჯარას აჭედავდა,
ერთხელაც
მარტო დარჩენილმა რომ გამოაღო
და გაფრინდა.

რა სჭირდებათ დღეს ადამიანებს,
ან სჭირდებათ კი საერთოდ რამე?

ალბათ
ოფიციალური კულტურა,
სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი ერთი და იგივე ავტორები,
ფუნქციონერი პოეტების მეათე თუ ოცდამეათე კრებულები,
ასეთი მწერლების დაკმაყოფილებისთვის
ორგანიზებული ლიტერატურული ღონისძიებები.

მოგიტყანთ
სატელევიზიო სტუდიების პროჟექტორებით განათებული სული.

რა სჭირდებათ დღეს ადამიანებს?

მე მჭირდება სიჩუმე,
მე მჭირდება სრული სიჩუმე.

მჭირდება,
რომ არავინ მკითხოს:
“ახლები გაქვს რამე,
წერ?”